კალაძე – „ღირსეული პარტნიორის" შეჩერებაზე: "არანაირი არგუმენტები არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი არის შეცვლილი"
08/07/2024 10:56:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადების თაობაზე ეხმიანება.
კალაძის მტკიცებით, "არანაირი არგუმენტები არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი არის შეცვლილი".
„ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, – თქვა კახა კალაძემ.
ამასთან, მან კვლავ გაიმეორა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ „საქართველო სუვერებული სახელმწიფოა, ვერავის ვასალი ვერ იქნება და რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგმას”.
რა თქვა პენტაგონმა
აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო, – იუწყება პენტაგონი.
როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.
"აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო და „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას. შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა.
შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.
ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს ანიჭებენ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის წვრთნების AGILE SPIRIT ჩატარებას", – ნათქვამია განცხადებაში.
რა თქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ–ის მიერ „ღირსეული პარტნიორის" გადადების ფაქტს "დასანანს" უწოდებს.
როგორც თავდაცვის უწყება აცხადებს, "სწავლება ხელს უწყობს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას"
"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.
დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.
საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.
სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.


