კობერიძე – ოთხი პარტიის მოლაპარაკებაზე: შეთანხმებულია საკითხების უდიდესი ნაწილი“
08/07/2024 14:09:54 პოლიტიკა
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, მისმა პარტიამ, „ლელომ“, „დროამ“ და „ახალმა“ საკითხების დიდი ნაწილი უკვე შეათანხმეს.
„ორი-სამი დღის განმავლობაში ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლაც მიმდინარეობს შეხვედრა, ყველა მონაწილე მხარე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „დროა“ და „ახალი“ მოტივირებული არიან, რომ დღესვე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ხელი მოეწერა. შეთანხმებული არის საკითხების უდიდესი ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე დეტალი არის შესათანხმებელი და ამაზე მიდის საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს [8 ივლისს], საღამოს მოესწრება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუკი ბუკვალურად დღეს ვერ მოესწრო, ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება არ არის. დიდი პროპორციით, თითქმის მიღებულია გადაწყვეტილება“, - თქვა კობერიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.
მას არ დაუზუსტებია შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა აღნიშნა, რომ არ ყოფილა ისეთი ფუნდამენტური რამ, რის გამოც მოლაპარაკება ვერ ხდება.
ვინაიდან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკის შექმნა, მათ მოუწევთ ერთი პარტიაში გაერთიანება.
„არის შეთანხმებები, როგორ იმუშავებენ პარტიები ერთ კონკრეტულ სუბიექტში. არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული პარტია, რომელზეც აეწყობა ერთობა“, - თქვა კობერიძემ.
დღეს, 8 ივლისს ცალკე პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია აქვთ დაგეგმილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“.


