„აქცენტმა“ ეკონომიკის სამინისტროს დავა სასამართლოში მოუგო
17/01/2020 12:55:10 სამართალი
ახალი ამბების სააგენტო „აქცენტმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავა სასამართლოში მოუგო.
„აქცენტი” თავდაპირველად უშუალოდ სამინისტროსგან ითხოვდა, მოეწოდებინა 2018 წლის მონაცემები სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის, ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულების თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ. ამასთანავე საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგიები. ასევე სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და მისი მთლიანი ბიუჯეტი. თუმცა მას შემდეგ, რაც უწყებამ კანონით გათვალისწინებული ვადა ამოწურა და ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ გასცა, „აქცენტი“ იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა. როგორც სააგენტოსთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, სარჩელი მნიშვნელოვანწილად დაკმაყოფილდა.
„სასამართლომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი დააკმაყოფილა. არ დააკმაყოფილა მხოლოდ სახელფასო დანამატებისა და პრემიების საკითხი. რაც შეეხება სახელფასო სარგოებს, სასამართლომ ამის შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა ეკონომიკის სამინისტროს“,– განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების აღსრულების ავტომატური ვალდებულება წარმოეშვება.
„აქცენტს“ სამართლებრივ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ უწევდა და გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის ორგანიზაციასა და მის იურისტს.


