ფილიპ ბრიდლავი: საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს
10/07/2024 04:24:24 პოლიტიკა
აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ ახლა, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა. ამიტომ, პირიქით, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების მეტი ჩართულობის დროა, რათა რუსეთმა საქართველოს დასავლეთისგან დაშორება ვერ შეძლოს.
ამის შესახებ გენერალმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, კითხვას ასე უნდა ვსვამდეთ: თუკი რუსეთის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გაგრძელდება და გაუარესდება, რას ნიშნავს ეს? რადგან მე მჯერა, რომ ახლა საქართველოში ჩართულია რუსული “ცუდი ფული”, ცუდი რუსები და პოლიტიკა. ვფიქრობ, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს, “რუხი ზონების” ჰიბრიდული გავლენა, რათა საქართველო დასავლეთს დააშოროს და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა დაიბრუნოს“, - ამბობს თადარიგის გენერალი და განმარტავს, რომ ის მიმდინარე პროცესებს ხედავს, როგორც რუსეთის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და დროა დასავლურმა სამყარომაც ამას ასევე შეხედოს.
რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობის სრულად შეწყვეტას და NATO-სთან თანამშრომლობის გაუარესებას, თადარიგის გენერალი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, დახმარების ხელს გაუწვდიან და რუსეთთან მარტოს არ დატოვებენ:
„ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ასე არ მოხდეს. სწორედ საწინააღმდეგოს ვნატრობ. NATO-მ, დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა სწორედ ახლა უნდა გაუწოდონ საქართველოს ხელი, რათა დაეხმარონ მას, გაუძლოს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმას“, - ამბობს ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი.
ცნობისთვის: 9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.


