"რუსთავი 2"–ს წილებს ყადაღა მოეხსნა
17/01/2020 15:23:18 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა, - ამის თაობაზე განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.
საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დაწყებულ დავას.
„სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა“.
ამის გათვალისწინებით, სასამართლომ გააუქმა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილზე დადებული ყადაღა.
„სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა გასული წლის 17 ოქტომბერს შეიტანეს. მათი განცხადებით, 2004 წელს გაფორმებული „ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს“.
ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ან გაასაჩივრებენ, ან სარჩელს ხელახლა შეიტანენ. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.
მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.


