The Insider ლავროვის მილიონიან ქონებაზე წერს
17/01/2020 16:43:08 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ლავროვი ფლობს 600 მილიონ რუბლად (10 მილიონ დოლარად) შეფასებულ უძრავ ქონებას, ეს ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი, – იუწყება გამოცემა The Insider.
ამ ქონების საბაზრო ფასად შესაძენად მინისტრის 120 წლის ხელფასი იქნებოდა საჭირო, ლავროვი კი მინისტრის პოზიციას 16 წელია, იკავებს.
The Insider-ის თანახმად, ლავროვის საკუთრებაშია სამსართულიანი სახლი, რომლის ფართობი 499 კვადრატული მეტრია თავისი მიწით სოფელ ჟუკოვკაში, რიუბლოვო-უსპენსკის მაგისტრალზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში სახელმწიფო აგარაკები იყო და ახლა მოსკოვის გარეუბნის ყველაზე ძვირი არეალია. The Insider-ის შეფასებით, მხოლოდ ლავროვის საკუთრებაში არსებული სახლი შეიძლება, ღირდეს 300 მილიონი რუბლი (5 მილიონი დოლარი).
გამოცემამ ასევე მიაგნო ლავროვის სხვა, 247 კვადრატული მეტრიან ბინას მოსკოვის ცენტრში, პუშკინის სახელობის მეტროს სადგურთან. ამ ბინის საბაზრო ფასიც 300 მილიონი რუბლია (5 მილიონი დოლარი).
ბინა ლავროვს აჩუქა შვილმა, ეკატერინა ლავროვამ, რომელმაც ბინა მოიპოვა მის წინა მფლობელთან საცხოვრებლის გაცვლის შედეგად. ლავროვის ქალიშვილი ბიზნესით არასოდეს იყო დაკავებული.


