უზრა ზეია: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში გადამწყვეტ როლს ასრულებს
11/07/2024 10:57:37 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლეებთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები ყველას მოუწოდებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ", - წერს ზეია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მათთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია.
არასამთავრობოების ინფორმაციით, ამერიკული მხარე აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს პარტნიორებზე თავდასხმებსა და არადემოკრატიულ ქმედებებს, ყველა შეჩერებული პროექტი გაგრძელდება.
"შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რამდენად მხდება ხელისუფლების მხრიდან იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც აძლევს სამოქალაქო საზოგადოება თუ საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება", – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე უზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


