პრეზიდენტი: ხელისუფლებამ ევროპული გზა გაგვიყინა
11/07/2024 11:33:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროპული გზა გაყინა. ამის შესახებ მან სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველო თავისი ისტორიის ყველა მონაკვეთზე ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია, ამიტომ გვიადვილდება ჩვენ, რომ ევროპისკენ ვიაროთ. დღეს ეს გზა გაიყინა. გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. [...] დღეს ნატო–ს სამიტზე რაც ხდება, ის განცხადებები რაც გაკეთდა, შეწყვეტილი დახმარება, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევანი. ამ რეფერენდუმში საზოგადოება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენ მომავალს უზურპაცია. არ შეიძლება, ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭირო არის, რომ გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, შევასრულოთ ის ყველაფერი, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ და პარტნიორებს დავუბრუნდეთ და მათ დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენ გზას და ხელახლა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა, ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანი და საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.


