მდინარაძე: „პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – „გლობალური ომის პარტიის“ და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა
14/07/2024 07:47:03 პოლიტიკა
გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – „გლობალური ომის პარტიის“ და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.
პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი – მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას!
P.S. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, „გლობალური ომის პარტია“ არ არსებობს, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო…“ – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


