კოლომინა: NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია
15/07/2024 14:59:48 პოლიტიკა
NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია, – ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
"NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და წინ წაწიოს ქართველი ხალხის მისწრაფებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", – წერს კოლომინა.
ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.
"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.


