გვარამიამ და მელიამ პაატა ბურჭულაძის დაფუძნებული პარტია გადაიფორმეს
16/07/2024 08:59:45 პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა ახალი პოლიტიკური გაერთიანების მოთხოვნა და პოლიტიკურ პარტიას, „სახელმწიფო ხალხისთვის“, სახელი გადაარქვა. ამ პარტიის ნაცვლად, 16 ივლისიდან პოლიტიკური პარტიების რეესტრში რეგისტრირებული იქნება „ახალი ერთობა გვარამია მელია“.პარტია „ახლის“ თანათავმჯდომარეები ნიკა მელია და ნიკა გვარამია იქნებიან.
„პარტია არის მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება, რომლის მიზანია მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში მონაწილეობა თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით“, - ნათქვამია პარტია „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ წესდებაში.
პარტიის მიზნებია:
- ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და მუდმივი განახლების მხარდაჭერა;
- საქართველოში დემოკრატიული და ქმედითი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება;
- სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა;
- პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა.
თანათავმჯდომარეები ნიკა გვარამია და ნიკა მელია პარტიის გადაფორმებას 7 ივნისის შემდეგ ცდილობდნენ. თუმცა საჯარო რეესტრმა პროცესი შეაჩერა, რადგან მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დააფუძნა ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ. რაც შეეხება „ახალს“: ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დააფუძნეს.


