გიორგი გახარია: "მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვა არ მაქვს და არც მქონია"
18/07/2024 14:22:58 პოლიტიკა
"მამუკა ხაზარაძესთან მე არანაირი კითხვები არ მაქვს და არც მქონია", - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ლელოს" ლიდერის შეთავაზებას.
მისი თქმით, "კითხვები ხაზარაძეს ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს".
"ხაზარაძესთან მე არანაირი კითხვები არ მაქვს და არც მქონია. ჩვენ ჩვენი გეგმით "ლელოსთან" მიმართებით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ, იმით ახლა რა კონდიციაშია "ლელო" და რაც ხდება. ეს ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, როგორც რამდენიმეჯერ, კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს არ გააფუჭებენ. მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები, კითხვები ხაზარაძეს ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის. პარტიამ "საქართველოსთვის" უკვე განაცხადა, ეს არ გვითქვამს გუშინ, ჩვენთვის "წითელი ხაზია" "ნაციონალური მოძრაობა" და "წითელი ხაზია" "ქართული ოცნება". ეს ყველასთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დიდი ხანია აქ არანაირი სიახლე არ არის", - ამბობს გახარია.
მანამდე, ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიამ 4 კითხვას უნდა უპასუხოს და ამის შემდეგ მზად იქნება, მას დაელაპარაკოს. ხაზარაძის თქმით, აინტერესებს, გახარია "ქართულ ოცნებას" კოალიციას შეუკრავს თუ არა - ასევე, ხაზარაძე ამბობს, რომ მას გახარიასთან კითხვები აქვს ანაკლიასთან, მისთვის და ბადრი ჯაფარიძესთან გაგზავნილ მუქარის წერილთან და 20 ივნისთან დაკავშირებით.


