თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა
19/07/2024 11:45:00 პოლიტიკა
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ცვლილების თანახმად, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განიმარტება, თამბაქოს წარმოების დეფინიცია. გარდა ამისა, ცვლილების შედეგად თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის იმპორტიორი ან დამამზადებლის მოქმედი წარმომადგენელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.


