Accentnews.ge
კობახიძე განმარტავს, რატომ არ ფართოვდება სადღეისოდ NATO

კობახიძე განმარტავს, რატომ არ ფართოვდება სადღეისოდ NATO

22/07/2024 08:28:51 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ შორის "საქართველოს კუთხით გაფართოებაზე NATO აქტიურად ვერ საუბრობს. იგი აღნიშნულის მიზეზად მხოლოდ რეგიონში შექმნილ ვითარებას ასახელებს.

„თვითონ NATO –ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე NATO აქტიურად ვერ საუბრობს, როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება, საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს NATO–ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“, - განაცხადა პრემიერმა.

მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "აგენტების კანონი" მიიღო, ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობები დაეძაბა.

NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

რაც შეეხება უკრაინას, რომელსაც კობახიძე გაფართოების კონტექსტში საქართველოსთან ერთად მოიხსენიებს, NATO–ს სამიტის იმავე დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას.

„სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარეშე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი NATO–შია. [...] ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას მის შეუქცევად გზაზე სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის NATO–ს წევრობისკენ“, - ნათქვამია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S