საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი "აგენტების კანონს" საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
22/07/2024 14:10:29 პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოიზიციიციის ნაწილი "აგენტების კანონს" საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელს 32 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას მოითხოვს.
ამასთან, მათი მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როგორ დამთავრდება ეს პროცესი, დავინახავთ. იქნება კვლავ მორჩილი ხელისუფლების მიმართ სასამართლო, დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი, დაინახავენ საერთაშორისო პარტნიორები. არ იწყება და მთავრდება დღევანდელი დღით ცხოვრება. ამ კანონს მაინც გავაუქმებთ" - თქვა "ევროოპტიმისტების" წევრმა რომან გოცირიძემ.
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ 2 სარჩელი შევიდა – საკონსტიტუციოს მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.


