კონგრესმენი კიტინგი – "ოცნებას": თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ ჩაივლის
24/07/2024 07:53:36 პოლიტიკა
ამერიკის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განსზაღვრონ, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყნისადმი, რომლის ხელისფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა,– იტყობინება "ამერიკის ხმა".
კონრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სხდომის თანათავმდჯომარეობდა, ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ:
“ქართულმა ოცნებამ“ კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოეთის აგნეტების“ კანონი მიიღო, რათა ზეწოლა მოეხდინა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაზე. დღეს მე ორი რამ მაქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისათვის:
საქართველოს მთავრობას – თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სამოგზაურო შეზღუდვები ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იქამდე, ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვას, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დაწესებას, საჭიროების მიხედვით“,- ამბობს კიტინგი.
თავის სიტყვით გამოსვლაში, კონგრესმენმა, ასევე საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ სი ძინ პინის მთავრობასთან დაახლოების მცდელობის გამო.
„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ჩინეთთან ვიზალიბერალიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობებს ესწრაფვის, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. ამ ომის პირობებში კი რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. გარდა ამისა, კიდევ არსებობს მაგალითები იმისა, როგორ ღალატობს მმართველი პარტია ქართველ ხალხს. [საქართველოს] მოსახლეობას დღემდე ახსოვს მძიმე მოგონებები საკუთარი [2008 წლის აგვისტოს] ომისა რუსეთთან, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო“,- თქვა კიტინგმა.
კონგრესმენმა ქართველ ხალხსაც მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიუხედავად, დახმარებას დაჰპირდა:
„ქართველ ხალხს: თქვენი ამბიცია ევროკავშირსა და ნატოში თქვენი მომავლის შესახებ ამ კონგრესში და ადმინისტრაციაში ძალიან კარგად იციან და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიზნების მისაღწევად, როგორც ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც მე გასულ თვეში წარვადგინე და „მეგობარი აქტი“, რომელიც ჩემმა მეგობარმა ჯო უილსონმა წარადგინა, აჩვენებს ჩვენს მხარდაჭერას თქვენი დემოკრატიული მომავლისადმი მაშინაც კი, როდესაც თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ ვალდებულებას, რომ გზა გაიკვალონ ევროკავშირისა და ნატოსკენ“.


