ოქრიაშვილი: „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს!
24/07/2024 08:42:35 პოლიტიკა
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების ნაბიჯების გამო ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ეხმაურება
ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი შიშობს, რომ "ოცნების" ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს".
"სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. „ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, „ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება",– ამბობს ოქრიაშვილი და დასძენს, "თუ "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი".
მისი დაკვირვებით, დღეს „ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს":
"ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ „ოცნება“ „აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია, არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს".
დეპუტატი ამბობს, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ საზოგადოებაზე ამყარებს იმედებს:
"ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება - „ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!".


