პრემიერი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესარჩევ კონკურსზე: არის უამრავი დარღვევა, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა შეიტანა სარჩელი
24/07/2024 09:04:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში "უამრავი დარღვევა" დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რა ხარვეზები შენიშნა.
"რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. მაგრამ დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში. არიან შესაბამისი უწყებები, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს და მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი. თუ ვინმეს ექნება სამართლებრივი პრეტენზიები, შეუძლია საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიები გამოხატოს სათანადოდო ფორმით“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ადამიანის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებაა.
„გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად... ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის [თანამდებობის პირების კონკურსით შერჩევა] კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. მას საფუძვლად დაედო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ამ განკარგულების მოქმედება სამართალწარმოების დასრულებამდეა შეჩერებული.


