არველაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია, იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით
24/07/2024 17:37:40 პოლიტიკა
ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა. ღონისძიება რუმინეთის დედაქალაქ ბუქრესტში ჩატარდა
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მასში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევით იღებდა მონაწილეობას.
სამინისტროსვე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ.
მან აღნიშნა, რომ პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი "შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოსა და მთელ რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობას".
"ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება" მისცა. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში",– თქვა არველაძემ
როგორც სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, თავის გამოსვლაში არველაძემ, მათ შორის, ხაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთგულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენი შემდეგი მიზანია, მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა წინ წავიწიოთ რეფორმების პროცესში აღებული ვალდებულებების შესაბამისად".
მათ შორის, "აგენტების კანონის" მიღებისა და მკვეთრად ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერების ფონზე, საქართველოს და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა. ევროკავშირი ლაპარაკობს შემზღუდავ ზომებზე. ბლოკმა საქართველოს უკვე შეუჩერა თავდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები.


