Accentnews.ge
რუსეთს  "ლეგენდების საფეხბურთო ლიგაში" საქართველოს შეთრევა სურს

რუსეთს "ლეგენდების საფეხბურთო ლიგაში" საქართველოს შეთრევა სურს

25/07/2024 08:16:12 პოლიტიკა

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანდრეი არშავინი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის "ლეგენდების ლიგის" მატჩის გამართვის ინიციატივით გამოდის.

"რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ბელარუსის კვალდაკვალ მატჩები საქართველოსთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან უნდა გამართოს... სადღეისოდ ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მსგავსი შეხვედრები აერთიანებს ჩვენს ხალხებს, გვახსენებს ჩვენს ერთობლივ ისტორიას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სამიტებისა და კონფერენციების უსასრულოდ მართვა, მაგრამ ყველაზე ძლიერად ადამიანებს სწორედ ფეხბურთი აახლოებს. დარწმუნებული ვარ, თუნდაც თბილისში მსგავს რეტრო-მატჩზე მთელი სტადიონი გადაივსება. საქართველოში ფეხბურთელების დონე ყოველთვის მაღალი იყო. თუ მოედანზე გავლენ, მაგალითად, შოთა არველაძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე და სხვები, ეს ჩვენი "ლეგენდების ლიგისთვის" საუკეთესო "სარეკლამო ბანერი" გახდება" - განუცხადა არშავინმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო "ტასს".

"აქცენტს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უთხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ფედერაციებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ცნობისთვის: 7 ივლისს მინსკში რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს "ლეგენდების ლიგის" მატჩში დაუპირისპირდნენ, რომელშიც არშავინიც მონაწილეობდა. თამაში რუსეთისა და ბელარუსის საფეხბურთო ფედერაციების მიერ იყო ორგანიზებული.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან სპორტული ფედერაციების უმრავლესობამ რუსი სპორტსმენები თავისი შეჯიბრებებიდან გარიყა. რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ვერ მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში, ხოლო რუსეთის საფეხბურთო კლუბები - უმსხვილეს ევროპულ შეჯიბრებებში. ომის დაწყების დროიდან რუსეთის ნაკრებს მატჩები მხოლოდ ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ირანის, ერაყის, კამერუნის, კენიის, კუბის, ყატარის, სერბეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან აქვს გამართული.

იხილეთ ასევე: მოსკოვი პუტინის ОДКБ-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S