ზურა ჯაფარიძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" საარჩევნო პროგრამის 4 ძირითადი მიმართულება დაასახელა
25/07/2024 19:17:02 პოლიტიკა
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კოალიციის საარჩევნო პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულება დაასახელა.
როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, ეს მიმართულებებია: ქართული ქარტია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, განათლება და რეგიონების გაძლიერება.
"არის 4 მიმართულება, რომელზეც ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს. პირველი, ეს არის ქართული ქარტია, ვთქვით, რომ 8 ივლისამდე რაღაც ტიპის კონფიგურაციამდე შევჯერდებოდით და ვასრულებთ, მარტო ჩვენ გავაკეთეთ ეს და სხვა არავის გაუკეთებია. ქარტიაში გაწერილი ის რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მეორეა ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე აქცენტი. უნდა მოხდეს ეკონომიკის გაორმაგება, რაც შემდგომ საფუძველი იქნება სხვა ცვლილებებისთვის ბიუჯეტთან მიმართებით. შემდეგი ნაწილი არის განათლების თემა. ჩვენ გვინდა, მოვაწყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, სადაც რამდენიმე აქცენტი არის, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო, აქცენტი კეთდება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების მაქსიმალურ დერეგულაციაზე. საჯარო რაც დარჩება, იქ თავისუფალი ბაზრის ელემენტების შემოტანაზე, რათა განათლების ხარისხი მუდმივად უმჯობესდებოდეს და ამას არ სჭირდებოდეს ჩარევა. ბოლო არის რეგიონების განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრი არ იყოს ყველაფრის განმკარგავი და მმართველი, ადგილზე გაჩნდნენ მესაკუთრეები და ადამიანებს გაუჩნდეთ სტიმული, რომ ბაზარმა იმუშაოს, რეალურად ჩამოყალიბდეს თვითმმართველობა ადგილზე, რომელიც საკუთარ თავს მიხედავს", - განაცხადა ჯაფარიძემ.


