პროკურატურასთან "ბოტასის ძეგლი" დადგეს
22/01/2020 08:55:01 პოლიტიკა, საზოგადოება
ზვიად კუპრავამ და მისმა თანამოააზრეებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფომანსი გამართეს და გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს.
მათ გენერალურ პროკურატურასთან სიმბოლურად ბოტასი მიიტანეს.
„გენერალურ პროკურატურასთან ახალგაზრდებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს „ბოტასის ძეგლი“. მოპარული ბოტასები არის სიმბოლო შოთაძე-ფარცხალაძის პროკურატურის და ზოგადად დღევანდელი კრიმინალური პროკურატურის. ჩვენ ბოტასებს საფირმო სახელწოდება სიმბოლურად ჰქვია „ოთარასი“. ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ხალხი არ დაუშვებს და შევებრძოლებით მაქსიმალურად. თუ ივანიშვილს მისი დანიშვნა გადაწყვეტილი აქვს და ის დანიშნავს მას, შევეცდებით, გადავახდევინოთ მაქსიმალური პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ცნობისთვის: დღეს საპროკურორო საბჭო შეამოწმებს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესაბამისაობას კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან და მათი დოკუმენტების სისრულეს.საბჭოს წევრები იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. სხდომა 13 საათზე გაიმართება.
საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.


