ტურავა: მე ვიყავი პირველი იურისტებში, რომელიც ევროპაში წავედი – ყველანაირი გრანტი, დაფინანსება და მხარდაჭერა მაქვს მიღებული
29/07/2024 11:01:28 პოლიტიკა
ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი,– უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს და განაგრძო, "არ მგონია, რომ ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს უფრო ნაკლები ჰქონდეთ, ვიდრე თქვენ. თქვენზე ნაკლები ევროპელები არ ვართ“. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ–ერთ შემაფერხებლად განიხილება, სამი სარჩელი შევიდა.
"მე, ყოველ შემთხვევაში, [ჩრდილოეთისკენ] მიმართულება ჩემი თავისთვის და ჩემი ქვეყნისთვის არ მიმიცია და არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზანი, იდეა იყოს ჩრდილოეთისკენ სვლა [...] არავის დავალებას არ შევასრულებ",– თქვა ტურავამ.
კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს თუ არა ევროკავშირიდან დაფინანსება მიღებული, მერაბ ტურავამ განმარტა, რომ აქვს.
„მე ვიყავი პირველი იურისტებში, რომელიც ევროპაში წავედი 1989 წელს. ყველანაირი გრანტი, დაფინანსება და მხარდაჭერა მაქვს მიღებული“, - განაცხადა ტურავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონით სახელმწიფო, მათ შორის,უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელსაც 20%–ზე მეტი ბიუჯეტის უცხოეთიდან აქვს მიღებული.


