ლილუაშვილი – ანაკლიის საქმეზე: ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს!
30/07/2024 08:09:26 პოლიტიკა
ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის დავასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
მისი შეფასებით, სასამართლომ "თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს"
"მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს - ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს!",– თქვა დეპუტატმა.
ლილუაშვილმა თქვა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხაზარაძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირება ხდებოდა, ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო შეტევებს:
„ჩვენ ვხედავდით მოდელირებულ რეალობას ჩვენს და ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ვითმენდით აბსოლუტურად უსაფუძვლო ტყუილ ბრალდებებს. არასდროს ამ საკითხებზე პასუხი არ გაგვიცია. ეს მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ის გუნდი ვიყავით, ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობას მხარს უჭერდა და ამ პროექტის განხორციელებას ყველანაირად ცდილობდა".
დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ "ლელოს", როგორც პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის წარმატებას ვუსურვებდით და ახლაც წარმატებას ვუსურვებთ".
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ამავე თემაზე:
ბრეგაძე – ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა
ხაზარაძემ "გულდასაწყვეტი" უწოდა გადაწყვეტილებას
კონსორციუმი გავრცელებულ განცხადებაში წერს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.
„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.


