პაპუაშვილი: საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია მოქცეული, იგივე ეხება ევროკავშირსაც
30/07/2024 11:28:14 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის "ომის ტყვეობაშია მოქცეული" და რომ იგივე ეხება ევროკავშირსაც. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს აშშ-ის სენატში, საგარეო საკითხთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენაზე.
„რა თქმა უნდა, სანამ ეს ომი მიმდინარეობს, გარკვეული მგრძნობელობებია სხვადასხვა მხარეს, გარკვეული მოლოდინებია სხვადასხვა მხარეს, შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია ჩვენ ურთიერთობები. როგორც კი, ეს ომი დასრულდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება, უფრო სხვანაირი შესაძლებლობები გაჩნდება იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს,– თქვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სენატში და კონგრესში ბოლო პერიოდში მიმდინარე განხილვებს, მან გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ "ჩემი მოლოდინი და იმედი არის, რომ კონგრესი, ან სენატი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გამოიძიებს, თუ რა როლი ჰქონდათ უცხოურ დონორებს 2020 წელს არჩევნების შედეგების ყალბი მონაცემების გავრცელებაში".
მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მას ფინანსური სანქციების მოლოდინი,.
"როგორც იცით, 2020 წელს, ამერიკული დაფინანსების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს ავრცელებდა. შემდეგ გაირკვა, რომ მისმა დონორმა, USAID-მა, რომელიც ჩვეულებრივი კერძო ფონდი არ არის, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი USAID-მა იცოდა და მალავდა, მათ შორის, გვიმალავდა ჩვენც პირადად. როდესაც მათთან შეხვედრები გვქონდა, გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი სწორი იყო, აუდიტი ჩატარდა და არანაირი შეცდომა არ იყო აღმოჩენილი. ამას გვეუბნებოდნენ, ვიდრე ISFED-ს მოუწევდა აღიარება, რომ შეცდომა იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ USAID-მა ძალიან კარგად იცოდა, რომ ISFED ყალბ მონაცემებს ავრცელებდა, გვატყუებდა ჩვენ და საზოგადოებას არ უმხელდა. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ USAID სახელმწიფო ინსტიტუტია და ფიზიკურად ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, კითხვა ისმის, იცოდა თუ არა მაშინდელმა ელჩმა იმის შესახებ, რომ ყალბი იყო ის რიცხვები, რომელიც პარალელური დათვლით ვრცელდებოდა, რომელიც მაშინ არეულობის დაწყების საფუძველი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი ელჩი მხარეებს შორის, ჩართული იყო, როგორც მედიატორი. რა თქმა უნდა, ეს ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, თუ ელჩმა იცოდა, რომ ტყუილი იყო, ის, რაზეც ოპოზიცია დაობდა და მხარეებს არ ეტყოდა. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ კონგრესმა, ან სენატმა ეს საკითხი გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა USAID-ს 2020 წელს საქართველოში არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელების საქმეში“, - გაიმეორა პაპუაშვილმა.


