Accentnews.ge
პატელი: აშშ "აგენტების კანონის" აღსრულებას ყურადღებით დააკვირდება

პატელი: აშშ "აგენტების კანონის" აღსრულებას ყურადღებით დააკვირდება

30/07/2024 22:06:46 პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი აცხადებს, რომ აშშ საქართველოში "აგენტების კანონის" აღსრულებას ყურადღებით დააკავირდება.

"ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს", -განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, პატელმა.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ აღნიშნულზე საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, 1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ. მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა ორგანიზაციების 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S