ბაკურციხე-წნორის ახალი გზის პროექტში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი იყო აზიის განვითარების ბანკი, მადლობა - ირაკლი კობახიძე
31/07/2024 18:31:48 პოლიტიკა
ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, გზის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი აღარ იმოძრავებს მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელში:
„2021 წელს, ბიუჯეტის დაფინანსებით, დავიწყეთ კახეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. შარშან ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ამ მონაკვეთის 4 კმ; სხვა მონაკვეთებზე მაღალი ტემპით მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
ბაკურციხე-წნორის ახალი გზა, სადაც ავტოტრანსპორტი უკვე დღეს დაიწყებს მოძრაობას, სწორედ ამ მაგისტრალისა და ზოგადად, საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი საფარით, გარე განათების სისტემითაა უზრუნველყოფილი გზის ეს მონაკვეთი და რაც მნიშვნელოვანია, პირველად არის გამოყენებული ენერგოეფექტური მზის პანელები გზის ამ მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია, რომ გზის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი აღარ იმოძრავებს მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელში, რაც უზრუნველყოფს ამ დასახლებების განტვირთვას. ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის. შეგახსენებთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მაგისტრალური გზების მშენებლობა 3-ჯერ გაიზარდა, ტემპები სამჯერ არის გაზრდილი - თუ 2012 წლისთვის აშენებული იყო 68 კმ, 2012 წლიდან დღემდე აშენებულია 232 კმ მაგისტრალური გზა; მხოლოდ წელს ჯამში 90 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნება“.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით "ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას". ამით კი, მისი თქმით, უმჯობესდება დაკავშირებადობა - ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა და ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად:
"ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად. ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური სტანდარტები მუდმივად გაუმჯობესდეს. ჩვენს ძალისხმევას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. მე პირადად ვესწრები უკვე მესამე ღონისძიებას, როდესაც იხსნება გზის მონაკვეთი და სამივე შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი იყო აზიის განვითარების ბანკი და მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს და ბანკის წარმომადგენელს ამ მხარდაჭერისთვის“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზიის განვითარების ბანკი.
„ჩვენ 2007 წელს შევუერთდით აზიის განვითარების ბანკს ბენეფიციარის სტატუსით დღეს კი უკვე გვაქვს მინიჭებული დონორი ქვეყნის სტატუსი, რაც არის დასტური ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის აზიის განვითარების ბანკთან. მე მინდა აღვნიშნო სიხარულით, რომ ჩვენ წელს ვუმასპინძლეთ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა“.


