Accentnews.ge
ეკონომიკის მინისტრი – აშშ–ის დახმარების შეჩერებაზე: არ ვიცი რაზეა საუბარი

ეკონომიკის მინისტრი – აშშ–ის დახმარების შეჩერებაზე: არ ვიცი რაზეა საუბარი

01/08/2024 09:52:49 პოლიტიკა

ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა დახმარების შეჩერებაზე საუბრობს აშშ. საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, რომ აშშ–მა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარება შეაჩერა.

ამასთან, მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია.

იქვე დავითაშვილმა თქვა, რომ აშშ-თან საქართველოს აქვს, ექნება და კიდევ უნდა გაღრმავდეს მჭიდრო თანამშრომლობა. თავად აშშ–მა კი საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ, უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ, ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიფიქსირებთ“, - თქვა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას, რომლის მიღების მცდელობამაც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონს შარშანდელი პროექტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. .

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

31 ივლისს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S