დავითაშვილი ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიურ სამშენებლო სამუშაოებს სექტემბრიდან აანონსებს
01/08/2024 10:12:01 პოლიტიკა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბელგიური კომპანია Jan De Nul–ს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა და რომელმაც ანაკლიის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს, "ჰყავს მსოფლიოში უდიდესი სპეციფიკური ფლოტი, რომელიც გამოყენებულ იქნება პორტის სამშენებლო სამუშაოებში".
"ეს იქნება როგორც ფსკერდაღრმავება, ისე შესაბამისი ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მოწყობა. ეს არის ძირითადი, უნივერსალური საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც პორტის შემდგომში განვითარების, სხვადასხვა კონფიგურაციის შემთხვევაში იქნება გამოსადეგი",– თქვა მინისტრმა.
ის მოელის, რომ სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება:
"ჩვენ აგვისტოს თვის განმავლობაში კომპანიასთან ვიმუშავებთ ხელშეკრულებაზე - ვფიქრობ, ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ უკვე სექტემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ვიხილოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ კომპანიასთან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან:
„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს და შუა დერეფნის მარშრუტს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის".
ამასთან მან გაიხსენა, რომ კერძო პარტნიორის შერჩევა მიმდინარეობს:
"ეს არის პროცესი, როდესაც ჩვენ გამოვლენილი გვყავს ერთი პრეტენდენტი, ვინც კონკრეტული წინადადებები წარმოადგინეს. მასთან მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტება და მუშაობა. ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებულად არ გამოგვიცხადებია. გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ის პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, იქნება შესაბამისობაში საკონკურსო პირობებთან. ამაზე მიდის დიალოგი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, დღეს გამოვაცხადოთ გამარჯვებულად ეს კონსორციუმი. შესაძლოა, არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული. მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, იცით, აყვანილი გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


