Accentnews.ge
ნინო წილოსანი: ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი

ნინო წილოსანი: ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი

01/08/2024 12:33:57 პოლიტიკა

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ოფიციალურად არა რომელიმე სახელმწიფო, არამედ პარტიული თანამდებობის მქონე პირი – "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი".

მისი თქმით, ივანიშვილი "ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს".

წილოსანი ამ კომენტარით გამოეხმაურა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ აშშ–ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისთვის მიწერილ წერილს.

წილოსანის მტკიცებით, ივანიშვილის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის კლინტონისთვის მიწერილი წერილი, საქართველოს ინტერესებს და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება, რომელსაც აგენტურასთან საერთო არაფერი აქვს.

"მისი [ბიძინა ივანიშვილის] ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი იქნება თუ ნებისმიერი მისი გამოსვლა, მიმართვა თუ მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება, ემსახურება საქართველოს ინტერესს და სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, ჩვენ გავაძლიეროთ ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი და არა ის აგენტურა, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი, არანაირად არ უკავშირდება აგენტურას." - თქვა წილოსანმა.

ტელეკომაპნია "ფორმულას" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი ასაჯაროებს მის მიერ მოპოვებულ წერილს, რომლითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 2012 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს მიმართავდა.

ამ წერილში ივანიშვილი საუბრობს, რომ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი და ამბობს, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც მათი აზრით, სასარგებლოა "ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის".

"თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება იყო ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის წინ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. სამწუხაროდ, ძველი ჩვევების გადალახვა რთულია. ჩვენს ერს ჯერ კიდევ აკონტროლებენ ერთპარტიული ინსტიტუტები ისეთი ლიდერის ხელში, რომელიც უარყოფს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს - რომ ერთ დღეს უნდა დატოვოს თანამდებობა. ქართველი ხალხი ელოდება მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკას ესმის და მხარს უჭერს მათ ოცნებებს. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრით სასარგებლოა ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის", - ნათქვამია წერილში.

"ქართული ოცნების" მიერ მასშტაბური პროტესტის მიუხედავად მიღებული "აგენტების კანონი" 1 აგვისტოდან ამოქმედდა.

კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

კანონით გათვალისწინებულია, რომ "უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ "აგენტების" ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებია წარდგენილი, გარდა ამისა, განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S