დეპუტატი – რუსეთის ინიციატივაზე: მოსკოვის მორიგი "ხაფანგი" იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა დაიმარტოხელოს
01/08/2024 12:58:38 პოლიტიკა
მოსკოვის "მორიგ ხაფანგს" უწოდებს "ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაჟღერებულ განცხადებას თბილისთან დიალოგისთვის მზაობის შესახებ.
"მოსკოვის მორიგი ხაფანგი თუნდაც ამ განცხადებით და ბევრი სხვა საკითხით გამოხატული, სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა დაიმარტოხელოს – ქვეყანა დარჩეს სტრატეგოული პარტნიორების ფარეშე, რომლებც ამ წლების განმავლობაში უზარმაზარ რესურს ახმარდნენ საქართველოს, რომ ის შემდგარიყო დამოუკიდებელ, ფუნქციურ სახელმწიფოდ. სურთ, ეს ყველაფერი გააჩერონ, რომ დაიმარტოხელონ ქვეყანა და შემდეგ მარტივად გადასანსლონ",– თქვა ნაცვლიშვილმა თემის კომენტირებისას.
საპარლამენტო სესიის შემაჯამებელ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ "ორ ქვეყანას შორის დიალოგი აუცილებელია, სულ მცირე - საპარლამენტო დონეზე მაინც და თუკი თბილისის მხრიდან სურვილი დაფიქსირდება, მოსკოვი, დიპურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, საამისოდ მზადაა".
"ჯერჯერობით კონტაქტები არ გვაქვს და ეს ჩვენი ბრალეულობით არ ხდება... საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ხდება ბევრი რამის გადაფასება-გადააზრება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და, რაღა თქმა უნდა, ისინი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, ისე პოლიტიკურ კურსს" - განაცხადა მატვიენკომ.
ამასთან, მისივე მტკიცებით, "ქართველი ხალხი [რუსებისადმი - რედ.] მეგობრულად რჩება", თავად რუსეთს კი "როგორც ადრე ჰქონდა ქართველებისადმი პატივისცემა, ისე აქვს ახლაც".
"ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრული. ვნახოთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია" - დასძინა მატვიენკომ.
"აგენტების კანონის" მიღების შემდეგ, რასაც თან გასდევდა ანტიდასავლური პროპაგანდა, დასალელ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
31 ივლისს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.


