Accentnews.ge
პეკინი "ჩინური ვირუსის" გამო შეზღუდვებს კიდევ ერთ ქალაქში აწესებს

პეკინი "ჩინური ვირუსის" გამო შეზღუდვებს კიდევ ერთ ქალაქში აწესებს

23/01/2020 12:54:07 მსოფლიო

ჩინეთი უხანის შემდეგ ხუანგანში შესვლაზე და გადაადგილებაზე აწესებს შეზღუდვებს. როგორც განიმარტა, გადაწყვეტილების მიზანი ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაა. ქალაქის მცხოვრებლებს უკვე მიეცათ რეკომენდაცია, სპეციალური მიზეზის გარეშე, ქალაქი არ დატოვონ. ხუანგანი უხანთან ახლოს მდებარეობს, ხოლო დაავადების გავრცელების კერად სწორედ უხანი მიიჩნევა.

ქალაქში დაიხურა გასართობი ადგილები, კინოები, თეატრები, ინტერნეტ კაფეები. ქალაქის მიმართულებით არ მოძრაობს ტრანსპორტი. დილიდან ქალაქში მუშაობას შეაჩერა აეროპორტმა, რკინიგზამ, შეწყდა საბორნე მიმოსვლა.

შეგახსენებთ, რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა. ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია. დაფიქსირდა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები.

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს. ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან.

სწორედ ქალაქი უხანი სახელდება კორონავირუსის გავრცელების კერად.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქალაქი უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა დაწესებული არ არის.

უწყება საელჩოს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერსაც აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ: +86 13716877635.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S