პრეზიდენტი: შავ ზღვაზე საქართველოს 2 მთავარი ფუნქცია აქვს, თუმცა ახლა ეს ყველაფერი გაჩერებულია
05/08/2024 19:37:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შავ ზღვაზე საქართველოს 2 მთავარი ფუნქცია აქვს, თუმცა ახლა ეს ყველაფერი გაჩერებულია. ასე უპასუხა მან "აქცენტის" ჟურნალისტის კითხვას, შავი ზღვაზე საქართველოს ფუნქციურ როლთან და ჩინეთის ფაქტორთან დაკავშირებით.
როგორც პრეზიდენტმა პრეს–კონფერენციაზე განმარტა, საქართველოს მთავარი ფუნქციებია: უსაფრთხოება და კუმუნიკაციები/თანამშრომლობა.
"ჩვენი როლი შავ ზღვაზე არის ძალიან ნათელი იმ მხრივ, რომ ყველაფერი, რაც არის დიდი ინფრასტრუქტურული გეგმები, რაც პირველ რიგში, ევროკავშირს გააჩნია, ორ მთავარ ფუნქციას გვძენს. ერთი არის უსაფრთხოება და ჩვენ ამის მონაწილე ვართ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ბერკეტები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ გვიჭირავს ეს ზოლი სანაპიროზე, ეს არის უსაფრთხოების ნაწილი. მეორე არის კუმუნიკაციების და თანამშრომლობის მთელი ფუნქცია, რომელიც ისახებოდა, სწორედ ევროკავშირის გეგმებში და ძალიან დიდი დაფინანსების მქონე პროექტებში", – განაცხადა მან.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს ყველაფერი ახლა გაჩერებულია ორი მიზეზის გამო:
"ეს ყველაფერი ახლა გაჩერებული არის, ერთის მხრივ, ომის გამოც, რადგან, სანამ უსაფრთხოება არ სუფევს შავ ზღვაზე, ძნელი არის ძალიან დიდი თანხების ჩადება ამ პროექტებში, ხოლო მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერი არის რაღაცნაირად გაყინული და აქედან არავინ არ აქტიურობს იმისათვის, რომ ჩვენ ამ პროექტებში ვიყოთ აქტიურად ჩართული. ასე რომ, სამუშაო არის ძალიან ბევრი".
რაც შეეხება შავ ზღვაში ჩინეთის ფაქტორს, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
"მე ვიტყოდი, ეს არის ერთ –ერთი პრობლემა, თუ ეს იქნება ანაკლიის პორტში ჩინეთის ექსკლუზიური ყოფნა. ჩინეთი ამ პორტის ერთ– ერთი მოწილე რომ იყოს, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, მათ შორის – ევროპის ბევრ პორტში და თავისთავად არ არის პრობლემა. პრობლემა არის როგორი კონტრაქტია, როგორ ექსკლუზიურობას ვანიჭებთ მას და რა საფრთხეები არსებობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ გადავიხდით თუნდაც საპენსიო ფონდის გამოყენებით, მერე შესაძლოა, რომ დაიმკვიდროს რაღაცა 99–წლიანი მფლობელობა ამ პორტის, რისი მაგალითიც მოცემული არის სხვა ქვეყნებში".


