პრეზიდენტი: ივანიშვილისა და ბევრი სხვა ოლიგარქის აქტივების სავარაუდოდ, აქ გადმოსატანად ბათუმში კუნძულს აჩქარებული ტემპით აშენებენ
05/08/2024 20:02:14 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოლიგარქის აქტივების სავარაუდოდ, საქართველოში გადმოსატანად ბათუმში კუნძულს აჩქარებული ტემპით აშენებენ. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ე.წ. „ოფშორების კანონზე" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი საქართველოს „ნაცრისფერ ზონად“ აქცევს.
"ეს არის კანონი, რომელიც, რეალურად საქართველოს, რაღაც ნაცრისფერ ზონად გარდაქმნის, თუ არა შავ ხვრელად. ეს არის მისი საბოლოო მიზანი. აქ ფულზე ნაკლებად არის საუბარი, ფული გადის იმ საბანკო სისტემით, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული და გაკონტროლებულია. აქ არის საუბარი აქტივებზე – თვითმფრინავებზე, იახტებზე, რაც ძალიან დიდ თანხებზე ადის და რომელიც შეიძლება, აწყობდეს არამხოლოდ ივანიშვილის პირადი ქონების გადმოტანას, სანქციების შემთხვევაში, სანქცირებამდე, არამედ ბევრ სხვა ოლიგარქის დასანქცირებამდე, რომ თავიანთი აქტივები აქ გადმოიტანონ და უსაფრთხოდ, ჰყავდეთ მაგალითად, ბათუმის კუნძულზე, რომელიც აჩქარებული ტემპით შენდება. აქ საჭიროა გამოძიება, სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი მთავრობის ხელშია, ვერაფერი ამას ვერ შეეწინააღმდეგება, თუ არა გამჭვირვალობა, არჩევნები და არჩევნებით ქვეყნის დაცვა. კიდევ ერთხელ, აქ არანაირი ეროვნული ინტერესი არ არის, არანაირი პატრიოტიზმი, ეს არის პირაპირი ქვეყნის გაყიდვა“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


