Accentnews.ge
პოლიტიკოსებმა აგვისტოს ომში  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პოლიტიკოსებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

07/08/2024 09:08:05 პოლიტიკა

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, მათ შორის "ერთიანობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, "ჩვენი ვალია უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს".

ადგილზე იმყოფებოდა "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც თქვა, რომ "რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გრძელდება, რომელიც დასრულდება მშვიდობიანად, მაგრამ გმირების ღვაწლი და სისხლი არასდროს იქნება დავიწყებული".

მუხათგვერდის სასაფლაოზე კომენტარები გააკეთეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა:

"არის დღეს, როდესაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა გავიაზროთ რა არის რუსეთი და რის წართმევას ცდილობს საუკუნეების განმავლობაში დღემდე ქართველებისთვის და საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესში გავიგოთ. სახელმწიფოს სჭირდება სახელმწიფოებრივი საფუძვლების გაძლიერება და სუვერენიტეტის გაძლიერება, ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ხალხის ინტერესის ასახვას პოლიტიკაში, სახელმწიფოს მართვის პროცესში და ეს ყველაფერი ვერ მოხდება სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების გარეშე", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წელს გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც გავწიეთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თუმცა, საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი საქმეა, ის დღესაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ნელ-ნელა აგრძელებს სწორედ იმ ხაზს, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.

„2008 წელს რუსეთმა დაიწო სამხედრო აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ერთადერთი მიზნით, გაენადგურებინა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამწუხაროდ, ის, რაც ვერ მოახერხა რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალის გამოყენებით, წარმატებით დაიწყო ამ გეგმის განხორციელება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული პროექტი ჩვენს ქვეყანას თავს მოახვია დემოკრატიული არჩევნების გზით 2012 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ სამამულო ომიდან 16 წლის თავზე, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს რუსეთს ჰყავს საკუთარი მოკავშირე ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებში, რომელმაც საკუთარი პოლიტიკით განახორციელა რუსეთის მიზანი და ამოცანები - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს შეჩერებულია, ნატო-ში გაწევრიანებაზე ჩვენს თაობაზე ჩანაწერი აღარ არსებობს დოკუმენტებში. ფაქტობრივად, რუსეთს საკუთარი სტრატეგიული ამოცანები ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბოლომდე მიჰყავს. ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართველი ხალხის ვალი, მათ შორის იმ გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებიც აქ განისვენებენ და რომელსაც პატივს მივაგებთ, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს რუსული ხელისუფლება დავასრულოთ და ქვეყნის ევროპული მომავალი უზრუნველვყოთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება ყველა გმირის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ამ ქვეყანას შესწირა“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.

„დღეს ვიხსენებთ 2008 წლის ძალიან მძიმე აგვისტოს დღეებს, როცა რუსეთმა ომი გამოუცხადა საქართველოს და მოახდინა ინტერვენცია საქართველოში, ძალიან მძიმე რამ მოხდა, უამრავი ადამიანი შეეწირა, შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. თავი დადეს გმირებმა ვისი ხსოვნის პატივსაცემად დღეს ჩვენ აქ ვართ და ეს ხსოვნა ყოველთვის იქნება.

ჩვენი მხრიდან ეს ბუნებრივია არის სიმბოლური აქტი, როდესაც მოვდივართ აქ, მაგრამ არასიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არის ის ბრძოლა, რომელიც გრძელდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება საქართველოში, ეს ბრძოლა გრძელდება უკრაინაშიც და სწორედ იმისთვის, რომ ამ ადამიანების თავდადება და ღვაწლი არ დაიკარგოს, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა და ყველამ ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, საქართველო უნდა განვითარდეს დემოკრატიულად, საქართველო უნდა განვითარდეს ეკონომიკურად და საქართველოს უნდა ჰყავდეს ბევრი საიმედო პარტნიორი ირგვლივ. ეს სიძლიერე განაპირობებს პირველ რიგში უსაფრთხოებას და მე ვფიქრობ ამ გმირების ყველაზე დიდი სურვილი იყო, რომ მათი თავდადების შემდგომ საქართველოს გაეგრძელებინა მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება და ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ და ამის მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ გმირი ადამიანების სიცოცხლის ფასად შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს დასავლეთის წევრი. სწორედ ამ ადამიანების და მათი გმირობის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ და რომ დღეს რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ არის განლაგებული. ის 20%, რაც აქვს მიტაცებული, აქვს იმიტომ, რომ ადამიანები იბრძოდნენ და ამის აქეთ არ გამოუშვეს, მათი გმირობის დამსახურებაა სწორედ ეს და დასავლეთის, რომლებიც ჩვენი გმირი ბიჭების ბრძოლის პარალელურად ჩამოდიოდნენ თბილისში. ასევე, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოში საქართველოს დასაცავად, ამიტომ ჩვენი გმირები, ამერიკელების და ევროპელების დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფო“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.

"პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, უახლეს მომავალში ყველანი ერთად ვიზეიმებთ, როგორც ევროკავშირში წევრობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერის არჩევანია, ასევე ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი გმირების პატივსაცემად. დიდება საქართველოს, დიდება მათ სახელებს, დიდება ჩვენს ერთიანობას. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ",- განაცხადა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რეგიონებშიც.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S