სამთავრობო შენობებზე 8 აგვისტოს დაუშვეს დროშები
08/08/2024 05:59:30 პოლიტიკა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დღეს, 8 აგვისტოს დაუშვეს. დროშები დაუშვეს სხვა სამთავრობო უწყებების შენობებზეც.
ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ „მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“.
საქართველოში რუსეთის შემოჭრის 16 წლისთავს საქართველოს მეგობარი ქვეყნები 7 აგვისტოს გამოეხმაურნენ. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აგვისტოს მიაგო პატივი. ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი დასვა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.


