Accentnews.ge
გაიზარდა ქვეყნების რიცხვი, სადაც „ჩინური ვირუსის“ შემთხვევები დაფიქსირდა

გაიზარდა ქვეყნების რიცხვი, სადაც „ჩინური ვირუსის“ შემთხვევები დაფიქსირდა

23/01/2020 19:31:01 მსოფლიო

ქვეყნების რიცხვი, სადაც დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის შემთხვევები, რვამდე გაიზარდა: 23 იანვარს ცნობილი გახდა დაავადების პირველი შემთხვევების შესახებ სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

ბრიტანული მედიის ცნობით, შოტლანდიაში ოთხი ადამიანი ახალი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში შემოწმებას გადის. ოთხივე მათგანი რამდენიმე დღის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს.

ცნობილია, რომ უშუალოდ ჩინეთში ვირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 634–ია.

ჩინეთის ხელისუფლებამ 23 იანვარს ფაქტობრივად გარე სამყაროსგან ჩაკეტა ქალაქი უჰანი, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სადაც პირველად დაფიქსირდა დაავადება. ასეთივე ზომები მიიღეს პროვინცია ჰუბეის რიგ სხვა ქალაქებშიც. მუშაობა შეწყვიტეს სამოქალაქო ტრანსპორტმა, აეროპორტებმა, სარკინიგზო სადგურებმა, ჩაიკეტა გზები.

„კარანტინი 11 მილიონი ადამიანისთვის უპრეცედენტო მოვლენაა ჯანდაცვის ისტორიაში,“ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელშიც ხუთშაბათს მსჯელობენ ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ამასთან, ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, პეკინში 25 იანვრიდან 8 თებერვლამდე დაგეგმილი საახალწლო მასშტაბური ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელებიდან სამი კვირის შემდეგაც კი უცნობია, რამდენი პაციენტი დაავადდა ცხოველებთან კონტაქტის შედეგად და რამდენს გადაედო ვირუსი დაინფიცირებული ადამიანისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S