სანიკიძე – პრეზიდენტს: მარტო ჯვრის ასლით ვერ დაემსგავსებით თამარ მეფეს, მას ჰქონდა ორი ძალიან გამორჩეული თვისება: სამართლიანობა და გულმოწყალება
08/08/2024 18:53:42 პოლიტიკა
"ქალბატონო სალომე, ჩვენ რომ რაღაცები მივივიწყეთ და არ ვიღებთ ხმას, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცებში დაგეთანხმეთ. ძალიან არასწორი პოზიცია გეკავათ თქვენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ერთი პერიოდი ძალიან არასწორი პოზიცია გეჭირათ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ასე მგონია, რომ არასწორი პოზიცია გაქვთ მიხეილ სააკაშვილი პერსონასთან დაკავშირებით. [...] ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძალიან გავრცელებულია თამარ მეფის ჯვრის ასლით სიარული, რაც ძალიან მიხარებს გულს. ამის განსაკუთრებით დემონსტრირებას აკეთებს ქალბატონი სალომე, რასაც მივესალმები. [...] მაგრამ ქალბატონო სალომე, მარტო ჯვრის ასლით ვერ დაემსგავსებით თამარ მეფეს, მას ჰქონდა ორი ძალიან გამორჩეული თვისება: სამართლიანობა და გულმოწყალება. [ ძალიან ხშირად ეს უკვე საქართელოში სისუსტედ ითვლება. [...] ვისურვებდი, ამ საქმეში იყოთ თამარ მეფის მიმდევარი", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის: 5 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
"ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ "ოცნებას" სჭირდება, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს იმიტომ, რომ ბოლო იმედი "ოცნების" არის რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.


