“ქართულ ოცნებას” არ ეყო ხმები ზუგდიდის საკრებულოში თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის
12/08/2024 14:27:55 პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება ვერ შეძლო. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დეპუტატები სხდომაზე დღეს შეიკრიბნენ.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მხოლოდ “ქართული ოცნების” 18 და “ხალხის ძალის” ორი წევრი. სწორედ ამ 20 დეპუტატის ავტორობით შევიდა 10 აპრილს საკრებულოში წერილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიის თავმჯდომარეების იმპიჩმენტის მოთხოვნით. თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, მას შემდეგ საკითხის განხილვა ვერ ხერხდებოდა.
დღევანდელ სხდომას ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა. კერძოდ, პარტია „ახლის” 13 და პარტიის, „საქართველოსთვის“ სამი წარმომადგენელი. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სხდომაზე ამჯერადაც არ გამოცხადებულა "ენმ-ის" რვა დეპუტატი.
ფარულავას იმპიჩმენტი დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს. „ოცნების“ ოცივე დეპუტატმა მის გადაყენებას დაუჭირა მხარი, თუმცა საჭირო 23 ხმა მათ ვერ მოაგროვეს.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციაა. „ოცნებას“ 20 დეპუტატი ჰყავს, "ახალს" - 14, ენმ-ს - 8, ხოლო "საქართველოსთვის" - 3.


