პრემიერი – პრეზიდენტზე: ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს
15/08/2024 13:55:19 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს სურს, მთავრობა "კინკლაობაში" ჩაითრიოს. ასე შეაფასა კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ოლიმპიადაში გამარჯვებულების სამთავრობო ღონისძიებაზე დაჯილდოებაზე უარის თქმის შესახებ.
"ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ მას ვერ ჩავყვებით... მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა.
დაჯილდოება მისი საქმეა, მისი საქმეა, როდის გააკეთებს, სად გააკეთებს - ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეძლება, ეს არის დახვედრის ღონისძიებას...“ - თქვა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
15 აგვისტოს პრეზიდენტმა ამ საკითხზე ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ უარს ამბობდა არიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოებაზე.
„ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ“, - თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ პარაოლიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულან.
12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა.


