Accentnews.ge
ხარიშინი: ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების ნეგატიური განცხადებების მიუხედავადაც კი, ჩვენ მაღალი დონის ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე

ხარიშინი: ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების ნეგატიური განცხადებების მიუხედავადაც კი, ჩვენ მაღალი დონის ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე

19/08/2024 10:42:13 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის განცხადებით, "ნეგატიური განცხადებების მიუხედავადაც კი, რომლებიც დროდადრო ჟღერს ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, უკრაინა–საქართველოს მაღალი დონის ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე". ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა კიევსა და თბილისს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობებს, დიპლომატმა შემდეგი განაცხადა:

"24 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 33 წლისთავს. საქართველომ 26 მაისს აღნიშნა თავისი დიდი ეროვნული დღესასწაული. როგორც ისტორიკოსმა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს უძველესი ისტორია აქვს. ისინი ყოველთვის პარტნიორულ ხასიათს ატარებდნენ. შეგვიძლია გასული საუკუნის დასაწყისი გავიხსენოთ, როდესაც უკრაინა და საქართველო ახალგაზრდა სახელმწიფოები, უკრაინული სახელმწიფო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აქტიურად ეძებდნენ თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც იმ დროს იქმნებოდა პირველი მსოფლიო ომის შედეგების შესაბამისად და ცდილობდნენ დახმარებოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს ამ პროცესში. გავიხსენოთ 1918 წელი, როცა უკრაინის სახელმწიფომ ტიფლისსა და ბათუმში გახსნა თავისი საკონსულოები, როცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გახსნა თავისი წარმომადგენლობა კიივში, და თავისი საკონსულოები უკრაინის ყველაზე დიდ ქალაქებში - ოდესასა და ხარკივში. გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, აფხაზეთში, უკრაინა მაშინ გულგრილი არ დარჩენილა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს სახელმწიფოს. უკრაინა არ იდგა განზე არც 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი ისევ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე ანუ ჩვენს შორის ყოველთვის იყო მეგობრული, თბილი ურთიერთობა. აღარაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდზე, ორ მსოფლიო ომზე, რომელიც გაჩაღდა იმპერიული, ტოტალიტარული რეჟიმების მიერ, უკრაინელებიც და ქართველებიც ყოველთვის მზად იყვნენ გვერდში დასდგომოდნენ და დახმარებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი. უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეული ნეგატიური, თუ გაუგებარი განცხადებების მიუხედავადაც კი, რომლებიც დროდადრო ჟღერს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, თუ ასე ვთქვათ, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენ მაღალი დონის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ რიგში, ეს ეხება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას.

საქართველოს ხელმძღვანელობა ეხმაურება ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც უკრაინის მიერ ან უკრაინის მონაწილეობით ხორციელდება. მე უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიივში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა.

ასევე პარლამენტის დონეზე ტარდება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ღონისძიებები, ტრადიციულად ოქტომბერში. გასულ წელს ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი არჩილ თალაკვაძე, იგი საქართველო-უკრაინის პარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ღონისძიების ორგანიზატორების - უკრაინისა და ლატვიის სახელით - წელს ოქტომბერში რიგაში გაიმართება, პარლამენტის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო ეს მოწვევა. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს სამიტში მოადგილეები მაინც მიიღებენ მონაწილეობას.

ომმაც შეიტანა თავისი კორექტივები. მიუხედავად იმისა, გააუარესა ლოგისტიკა, უკრაინა და საქართველო ახერხებენ სავაჭრო ბრუნვის საკმაოდ ღირსეული მაჩვენებლების შენარჩუნებას.

საქართველო სატრანზიტო ქვეყანა იყო 400 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილისთვის, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, დაახლოებით, ჩვენი 25 ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ პრეფერენციებისთვის, რომლებსაც ისინი აძლევენ უკრაინის მოქალაქეებს, სპეციალური სავიზო რეჟიმის დაწესებისთვის, მათთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევისთვის, შესაძლოა, არც ისე დიდია, მაგრამ ის არის, საქართველოს საჯარო სკოლებში ოთხი უკრაინული სექტორის გახსნისთვის, ანუ საქართველოში უკრაინელ ბავშვებს აქვთ რეალური შესაძლებლობა ისწავლონ უკრაინულ სკოლაში, უკრაინული სტანდარტების მიხედვით და უკრაინული პროგრამის მიხედვით და, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ კეთილგანწყობისთვის და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობისთვის.

მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ უკრაინამ შეძლო რუსული ფლოტი შეევიწროებინა, განედევნა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახალხოდ შეერცხვინა და იძულებული გაეხადა გაქცეულიყო. შავი ზღვის აკვატორიის დასავლეთი ნაწილის განაღმვა საშუალებას იძლევა გემების მიმოსვლა აღდგეს უკრაინის ჩორნომორსკსა და საქართველოს ფოთსა და ბათუმს შორის. ესეც, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქონლის ბრუნვას ვაჭრობისა და კომუნიკაციის განხრით ორ ქვეყანას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომია, ომმა საქართველოს მოქალაქეები ვერ დააშორა ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდი მოთხოვნაა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე. ბიზნეს წრეები, ბიზნესმენები მუდმივად ახორციელებენ ვიზიტებს უკრაინიდან საქართველოში და საქართველოდან უკრაინაში, ასევე არის გარკვეული ინტერესი ქართველი ინვესტორების მხრიდან უკრაინის ეკონომიკაში ჩართვის კუთხით, ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის პროგრამის ფარგლებში და, რა თქმა უნდა, უზომოდ მადლიერები ვართ, ქართველების ფასდაუდებელი წვლილისთვის, საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკურად ქართველების - უკრაინის მოქალაქეების თავგანწირული მონაწილეობისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში. ეს ის ფაქტორია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში. როგორც იცით, დღეს ბევრი ქართველი, ეთნიკურად ქართველი, რომელიც უკრაინის მოქალაქეები არიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში არიან და იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აღდგენისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S