"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი –"ოცნების" განცხადებაზე: "ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ, ყოჩაღ, თქვენ!"
20/08/2024 09:04:18 პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას "დიდ ტყუილს" უწოდებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
ინაშვილის "პოსტს" უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი 12 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ გაესამართლებინა "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ 12 წლის მანძილზე გასამართლება კი არა, ერთად მღეროდნენ "ჟუჟუნა წვიმა"-ს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცხადებდნენ და მიზანმიმართულად უქმნიდნენ გაძლიერების პირობებს!
ახლა, 2024 წლის არჩევნების წინ გვესმის, რომ თურმე, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს "ნაცმოძრაობასა" და მის განშტოებებს, ანუ "ნაცმოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები ჯერ პარლამენტში შევლენ, საპარლამენტო პარტიებისა და დეპუტატების სტატუსს შეიძენენ და მერე გაასამართლებენ (?!). ადრე დასავლეთი გვაწვებოდა,- "ნაცმოძრაობა" არ გაასამართლოთო და ახლა აღარ ვემორჩილებით დასავლეთის აზრსო. ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ ან რიგი მიზეზების გამო, თავს იტყუებთ და აღტაცებულ "პოსტებს" აზიარებთ, რა გითხრათ... ყოჩაღ, თქვენ!".


