Accentnews.ge
პრემიერი – "ნაციონალურ მოძრაობაზე": პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც

პრემიერი – "ნაციონალურ მოძრაობაზე": პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც

23/08/2024 07:53:20 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" მანდატები გაუუქმონ. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერი ვარაუდობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება გადალახავს.

  • "სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,– დასძინა მან.

რაც შეეხება მანდატების გაუქმების საკითხს, პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

  • „მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა. ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება".

ჟურნალისტის რეპლიკაზე, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ერთპარტიული იქნება, პრემიერმა ასე უპასუხა:

  • „პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტიტუციო უმრავლესობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“.

ცნობისთვის: მმართველ პარტია „ქართული ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია“.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც მომდევნო ოთხი წლით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S