ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი: ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" ყველა შემომწირველი შემოწმდა
27/08/2024 07:40:57 პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ უწყება ყველა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს.
მისივე მტკიცებით, "სხვა - ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" ყველა შემომწირველი შემოწმდა":
"მონიტორინგის ფარგლებში როგორც გასულ წელს, ისე მიმდინარე წელს პარტიებმა, რომლებმაც წარმოადგინეს დეკლარაციები, ყველა შემომწირველმა გაიარა მონიტორინგი, მათ შორის "ქართული ოცნების" ყველა შემომწირველი შემოწმდა, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან".
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კითხვები ანტიკორუფციულ ბიუროს "ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებით, კუპრაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"სამართალწარმოების ფარგლებში კითხვები როცა ჩნდება, ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცესებს".
მისი თქმით, "იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 1 იანვრიდან აგვისტოს თვის ბოლომდე ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის "ქართული ოცნება" ვალდებულია, წარმოადგინოს თავიანთი ფინანსური ანგარიშები, მათ შორისაა ქართული ოცნება".
როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგის ფარგლებში წარმოდგენილ დეკლარაციებში მოწმდება, მათ შორის საჩუქარი, რომელიც თანამდებობის პირმა მიიღო:
"მოწმდება ამ საჩუქრის წარმომავლობა, ასევე თუ საჩუქარი ოჯახის წევრისგანაა, მოწმდება მისი შემოსავლებიც. შესაბამისად, მონიტორინგი შეეხება ყველა ამ საკითხს".


