ბურჯანაძე: თუ "აგენტების კანონის" განხილვა თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდა და საკონსტიტუციო არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტიკური მდგენელი [ევროინტეგრაციისთვის] შეიძლება, შეცვლილი იყოს
29/08/2024 11:09:28 პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "თუ "აგენტების კანონის" განხილვა თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდა და საკონსტიტუციო არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტიკური მდგენელი [ევროინტეგრაციისთვის] შეიძლება, შეცვლილი იყოს".
„ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს 9 პირობა აქვს შესასრულებელი. ამ ცხრის მიღმა, ეს კანონი არის აქილევსის ქუსლი, მთავარი გამოწვევა, რომლის არსებობა ბუნებრივად გამორიცხავს შემდეგ პროცესს. პირობითად, თუკი ამ საქმის განხილვა გაგრძელდა თვეებისა და წლების განმავლობაში და მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილება, შემდგომ პოლიტიკური მდგენელი [ევროინტეგრაციისთვის] შეიძლება, შეცვლილი იყოს. 78–ე მუხლს აქვს ორი განზომილება: პოლიტიკური და სამართლებრივი. მას ტექნიკურად ვერ შევხედავთ. პოლიტიკური კონიუნქტურა შეიძლება, შეიცვალოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "აგენტების კანონის" მოქმედების შეჩერება აღადგენს იმ სტატუს-კვოს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით კანონის ინიცირებამდე იყო.
პრეზიდენტის სარჩელის თანახმად, „აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს (კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად).


