Accentnews.ge
კორძაია განმარტავს, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს "აგენტების კანონის" ამოქმედებამ 78–ე მუხლის ნაწილში

კორძაია განმარტავს, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს "აგენტების კანონის" ამოქმედებამ 78–ე მუხლის ნაწილში

29/08/2024 12:18:27 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თამარ კორძაია განმარტავს, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს "აგენტების კანონის" ამოქმედებამ 78–ე მუხლის ნაწილში. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ისაუბრა.

მისი თქმით, "ევროკომისია აფასებს სახელმწიფოს პროგრესს, ის არ იმსჯელებს საქართველოს პარლამენტია საქართველოში უვარგისი, თუ ვინ და მთავარია, ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის".

  • "რა ზიანი შეიძლება მოიტანოს "აგენტებს კანონის" ამოქმედებამ 78–ე მუხლის ნაწილში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა განუყოფელია სამართლებრივი ნაწილისგან და დაკავშირებულია სწორედ იმ ვალდებულებების შესრულებასთან, რომელებიც სახელმწიფოებს აქვთ ამ პროცესში. ჩვენ უკვე ჩამოვრჩით ამ პროცესს და შემოდგომის ბოლოს, როდესაც იქნება ევროკომისიის შეფასება, ჩვენ გვინდა, რომ მცირე შესაძლებლობა მაინც გვქონდეს ამ რეალობაში, რომ მივიღოთ დადებითი შეფასება. ვგულისხმობ შემდეგს: ევროკომისია აფასებს სახელმწიფოს პროგრესს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ის არ იმსჯელებს საქართველოს პარლამენტია საქართველოში უვარგისი, თუ ვინ. მთავარია, ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის", – განაცხადა მან.

როგორც მან აღნიშნა, კანონის შეჩერებით "საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე".

  • "საქართველოს სახელით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება იმის ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ეს გადაარჩენს გადაარჩენს 78–ე მუხლის დარღვევისგან ჩვენს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე. კონსტიტუციური სტანდარტით რომ ვიმსჯელოთ, სხვა სამართლებრივი საშუალება გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ავიცილოთ კატასტროფული შედეგი, არ გაგვაჩნია. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის ვეტო და ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომლის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ კატასტროფული შედეგი, ეს არის საკონსტუციო სასამართლო", – განაცხადა მან.

საკონსტიტუციო სასამართლომ „აგენტების კანონის“ განხილვა დღეს დაიწყო.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S