მეუფე გრიგოლი: პატრიარქის სურვილია, სახელმწიფო რელიგიის საკითხი ნაჩქარევად არ იქნას განხილული
29/08/2024 14:01:49 პოლიტიკა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, „პატრიარქის სურვილია, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი ნაჩქარევად არ იქნას განხილული”.
„ამ ტიპის წინადადება იმ დონის საკითხია, რომ, ვფიქრობ, დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პირადად მე, არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ შესვლას, რადგან მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება, მეტი აწონდაწონვა და არ მიმაჩნია, რომ დღეს სახელდახელოდ, სასწრაფო იყოს ამის განხილვა.
როცა საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა, მაქსიმალურად შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. [...] ეს იქნა მიღებული და მისი უწმინდესობა არ იყო მაშინ მომხრე სტატუსის. დღეს, რაც მე ვიცი ახლა, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივი რელიგიის სტატუსზე.
[...] შემოთავაზება არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც არსებობს თანამედროვეობაში.
[...] მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნას განხილული" - განაცხადა ფოთისა და ხობის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.
27 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.
28 აგვისტოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 20 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ჩამოთვლილი იყო ის მიზეზები რატომაც სურთ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ, კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ამ მიზეზთაგან სამი მმართველმა პარტიამ თავიდანვე გაავრცელა, ერთზე კი თქვეს მხოლოდ ის, რომ საკითხის “კონსტიტუციით მოწესრიგებას საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”. განცხადებაში ეწერა, რომ მმართველი პარტია საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიოდა და ინფორმაციას აგვისტოს ბოლოს გაავრცელებდა.
27 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს და რომ სწორედ ეს არის რიგით მეოთხე საკითხი, რის გამოც მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.


