მადურომ რუსეთს ვენესუელის ნავთობსექტორზე კონტროლი შესთავზა
28/01/2020 12:23:33 მსოფლიო
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომლის მმართველობის ლეგიტიმურობას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ სცნობს, მსხვილ საერთაშორისო ნავთობკომპანიებს ქვეყნის სანავთობო სექტორის პრივატიზება შესთავაზა, - იუწყება “Bloomberg”.
მისივე მონაცემებით, ვენესუელის მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ რუსულ სახელმწიფო კომპანია "Роснефть"-თან, იტალიურ “Eni”-სა და ესპანურ “Repsol”-თან. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უცხოელ მენავთობეებს ვენესუელის ნავთობსექტორზე კონტროლი მიეცეთ და მოხდეს სახელმწიფო PDVSA-ს ვალების ნაწილის რესტრუქტურიზება. ამასთან, დასავლური კომპანიები ამერიკული სანქციების ქვეშ მოხვედრას ერიდებიან, - აღნიშნავს “Bloomberg”.
ცნობისთვის: ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდესი დადასტურებული მარაგის მფლობელია. 2007 წელს უგო ჩავესმა ქვეყნის სანავთობო სფეროს ნაციონალიზაცია დაასრულა, განახორციელა რა დასავლური ნავთობკომპანიებისგან მსხვილი საბადოების ექსპროპრიირება. ჩავესის მემკვიდრის – ნიკოლას მადუროს მმართველობის პირველმა ვადამ ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის ნავთობის სფეროც დაანგრია. ამჟამად ვენესუელაში ნავთობმოპოვება 70-წლიან მინიმუმზეა. გასული წლის მარტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “Роснефть”, ამერიკული სანქციების მიუხედავად, PDVSA-სგან ნედლი ნავთობის შესყიდვას აგრძელებდა და რომ “PDVSA მადუროს რეჟიმისთვის, ასევე რუსი ოლიგარქებისა და კლეპტოკრატებისთვის პერსონალურ ბანკომატად” იყო ქცეული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენესუელა ნავთობის სფეროზე კონტროლის “როსნეფტისთვის”გადაცემის შესაძლებლობას განიხილავდა, პირველად გასული წლის ოქტომბერში ადგილობრივმა გამოცემა “El Nacional”-მა გამოაქვეყნა. თუმცა მაშინ რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ “ჭორებზე კომენტარს არ აკეთებდნენ”.


