დევიდ კრამერი: "აგენტების კანონი" მთავარი შეცდომაა, ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხდება
02/09/2024 07:09:45 პოლიტიკა
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის შეფასებით, ქვეყანაში განხორციელდა ცვლილებები, რაც "უფრო მეტად, უკან გადადგმული ნაბიჯია“.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა „თბილისი რუმსში“, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
კრამერი მიიჩნევს, რომ "აგენტების კანონი" მთავარი შეცდომაა.
მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას ძალიან დიდი შეცდომა და ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კანონის არჩევნების წინ მიღება არა შემთხვევითობა, არამედ წინასწარგანზრახული ნაბიჯია.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის - განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში; შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც მიღებულ იქნა მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა საქართველოს შიგნით და ასევე, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ძლიერი მხარდაჭერით რუსეთის მხრიდან. არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჩემი გადმოსახედიდან, არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ არასამთავრობოები ამ ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა",- თქვა კრამერმა და შეაჯამა, "ამ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გაუმჯობესებისკენ არის. უფრო მეტად, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი“.


