ოქრიაშვილი: ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობაზე
02/09/2024 10:55:36 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობაზე:
„გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.
რამდენიმე კითხვა „რუსულ ოცნებას“: ვინ არის ამის წინააღმდეგი? რატომ დასჭირდათ 12 წელი იმის აღმოსაჩენად, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს? რატომ გაახსენდათ ეს ამ არჩევნების წინ? ახსოვთ თუ არა „რუს ქოცებს“, რომ ვითომ ერთმორწმუნე რუსებმა დაგვიხოცეს პატრიარქები და გაგვიუქმეს ავტოკეფალია?
ხვალ, 3 სექტემბერს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და რატომ უნდა გადავდოთ ეს კარგი საქმე - მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი ამ პოსტულატს და არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში.
„ქოცებო“, ეს ტრიუკები აღარ გაგივათ. ვადა გაუვიდა თქვენს პოლიტიკურ აფერისტობას - ჩათვალეთ, უკვე ოპოზიციაში ხართ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ცნობისთვის: 31 აგვისტოს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც ქართული თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება”.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი მსჯელობა საქართველოს საპატრიარქოში.
საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან მიიღო შეთავაზება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.


